კახა კალაძე: ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივეცით თავისუფლება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კახა კალაძე მცხეთაში, მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად შეხვდა.
მან რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საამაყოა ის, რომ თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და მას შეუძლია, უფასოდ მიიღოს ექიმის მომსახურება. მისი თქმით, ეს პროგრამა გაგრძელდება, უფრო დაიხვეწება და  ეფექტური იქნება.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ სფეროში, რეფორმები კვლავ გაგრძელდება და გლეხებს მიეცემათ საშუალება, ფეხზე დააყენონ სოფელი.
მან განათლების მიმართულებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა მოხდა.  კალაძის თქმით, შეიქმნა 70 000 ახალი სამუშაო ადგილი.
“ხელისუფლება ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, რაც მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები”, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივეცით თავისუფლება.
“დღეს, ადამიანები განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებიან და ხელკეტებით არ დასდევენ მათ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. მეამაყება ის, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თითოეულ ჩვენგანს კარგად ახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს. როგორი ზეწოლა ხდებოდა. საუბედუროდ, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადეთ, თუმცა ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ და გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვეღარ დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს დააშანტაჟებენ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები