გიორგი ვაშაძე: დიახ, ჩვენ ვართ ახალი ”ნაციონალური მოძრაობა!“

”ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი და ზურაბ ჯაფარიძის პარტიები, რომლებიც პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში გაერთიანდნენ, ”ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთაა.
„ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით ”ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმირებას, მის ცვლილებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ამის მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღევანდელ ლიდერებს საერთოდ გააზრებულიც კი არ აქვთ ის პრობლემები და შეცდომები, რაც იყო დაშვებული თავის დროზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ არც მათ სჯერათ გამარჯვების და ვფიქრობ, რომ კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, პირადად მას, ბევრი იმ ლიდერისგან განსხვავებით, რომლებიც ”ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა, თავისი ხელით უკეთებია საქმე.
”მაგალითისთვის, დათო ბაქრაძე, ერთ-ერთი რითიც გამოირჩევა, ყოველთვის თავს არიდებს ხოლმე ყველა საჭირბოროტო თუ პრობლემურ საკითხზე საუბარს. მე არ ვიცი ამ ადამიანს კონკრეტულად რა ფუნქცია აქვს ქვეყანაში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რეფორმებთან დაკავშირებით, თუ რეფორმები, იუსტიციის სახლების მშენებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური წინსვლა არის ”ნაციონალური მოძრაობა”, დიახ, ჩვენ მზად ვართ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახალი ”ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შეძლებს ქვეყანის წინ წაწევას და წინსვლას”, – აღნიშნა პარტიის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს.
„ჩემდა გასაოცრად, ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა. ეს ახალი, რაც შექმნეს, სადაც არის ვაშაძე, კუბლაშვილი და ა.შ. იქვე შევიდა პაატა ბურჭულაძეც. მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ეს გახლავთ, სადაც სააკაშვილმა ძირითადი ძალები გააერთიანა. ბურჭულაძე და მისი განცხადებები გაიხსენეთ, მთლიანად ემთხვეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს. მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ მას მთელ სტრუქტურას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები