გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის საავადმყოფოში მოწამლულები მოინახულა – ვიდეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გვიან ღამით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც კვებითი ინტოქსიკაციით, რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოათავსეს.
მთავრობის მეთაური მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოწამლულია 200-მდე ადამიანი, რასთან დაკავშირებითაც მარნეულის კლინიკებში სრული მობილიზაციაა, ხოლო რამდენიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, თბილისში გადაიყვანეს.
პროცესში სრულად არის ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო. ექიმების ცნობით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“მინდა, დავამშვიდო ყველა, არ ინერვიულონ, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე ინტოქსიკაციაა. გამოძიება დაწყებულია, დალუქულია საკვების და სასმელის ნიმუშები და საინტერესო იქნება, დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურთან ერთად, გვიან ღამით, საავადმყოფოში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში პაატა ხიზანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები