გიორგი ვაშაძე: პრეზიდენტმა რეფერენდუმთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო

პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ბლოკის – „ახალი არჩევანი“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ვაშაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული თემის წამოწევა წინასაარჩევნო სპეკულაციაა.
„რეფერენდუმის თემა არის პოლიტიკური სპეკულაცია და ის უკავშირდება არჩევნებს და გარკვეულ ჯგუფებს უნდათ, რომ ამის გამო მეტი ამომრჩევლის გული მოიგონ, პრეზიდენტმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო და მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია, – არჩევნები და ასეთი სპეკულატიური თემები ერთმანეთს არ უნდა დაუკავშირდეს, საზოგადოებას მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ რომ დღევანდელი კანონმდებლობით ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი“, – განაცხადა ვაშაძემ.
ის იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნოდ აღნიშნული თემა დაიხურება.
“ვიმედოვნებ რომ ეს თემა დაიხურება და რეალური კონკურენცია იქნება საარჩევნო პროგრამებსა და შეთავაზებებს შორის “, – აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული კანონმდებლობით უკვე დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები