ლაშა კილაძე: თბილისში ცნობილია 20-25 აფთიაქი, რომელიც დაკავებულია „სააფთიაქო ნარკომანიით“

გუშინ ჩატარებული შემოწმებით „სააფთიაქო ნარკომანიით“ დაკავებული არა ერთი აფთიაქი გამოვლინდა, – აღნიშნულის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც კილაძემ აღნიშნა, სიიაფისა და ხელმისაწვდომობის გამო „ტრადიციულ“ ნარკოტიკებს ის პრეპარატები ანაცვლებს, რომელიც აფთიაქებში კანონდარღვევით იყიდება.
„ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ეს არის პროცესი, რომელიც გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას უკავშირდება და ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია. ამ პროცესმა მკვეთრად შეამცირა ტრადიციული და კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება.
აფთიაქებში ნარკოტიკული თრობის სახით გაყიდული ნარკოტიკები ანაცვლებს ტრადიციულ ნარკოტიკებს. მიუხედავად სარეცეპტო რეფორმის შემოღებისა, რომელმაც პრობლემა მკვეთრად შეამცირა, ცალკეული შემთხვევები მაინც არსებობს. გარკვეული აფთიაქები არ ემორჩილებიან რეგულაციებს და მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე გასცემენ. გუშინ რეიდიც ჩატარდა, სადაც მსგავსი აფთიაქები გამოვლინდა“, – აღნიშნა კილაძემ.
რაც შეეხება სანქციებს, პრეპარატების ურეცეპტოდ რეალიზაციის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500-1000 ლარს შეადგენს, მეორეზე ჯარიმა იზრდება. შემდეგ ჯერზე კი ლიცენზიის შეჩერება ხდება, თუმცა როგორც ლაშა კილაძემ აღნიშნა, აფთიქები ხელახალი რეგისტრაციით ისევ აგრძელებენ საქმიანობას:
„აღნიშნული სანქციები და ჯარიმები, იმ უზარმაზარი მოგების ფონზე, რასაც აფთიაქები ურეცეპტოდ გარკვეული პრეპარატების რეალიზაიიდან იღებენ, იმდენად უმნიშვნელოა, მსგავს საქმიანობას უპრობლემოდ აგრძელებენ“, – აცხადებს კილაძე.
რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, ამჯერად პასუხისმგებლობა კონკრეტულად ფარმაცევტს ეკისრება.
„ახალი რეგულაციებით ფარმაცევტის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. საუბარია იმაზე, რომ მათ არ ექნებათ უფლება, მონაწილეოიბა მიიღონ აფთიაქების ხელახალ რეგისტრაციაში და ამ კუთხით გააგრძელონ საქმიანობა. დღეს კი ცნობილია 20-25 აფთიაქი თბილისის მასშტაბით, ვინც მსგავსი საქმიანობითაა დაკავებული“, – აღნიშნა ლაშა კილაძემ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები