წალკაში მომხდარი მკვლელობის დეტალები – მომიკლეს ძმისშვილი, ჩემი ძმა ციხეშია, თავებს გავწირავთ

წალკის რაიონის სოფელ ნაზდევანში მომხდარი მკვლელობა ნათესავებს შორის ქონებრივ დავას უკავშირდება.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, სამსონ თამარიანისა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ჰაიკ მელტონიანის ოჯახებს შორის დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო დიდი ხნის წინ დაიწყო.
სამსონ თამარიანი მიწის ნაკვეთს მელტონიანების ოჯახს ედავებოდა.
როგორც გამოძიების დეტალებიდან ირკვევა, წალკაში მომხდარ სისხლიან გარჩევას ჰაიკ მელტონიანის 23 წლის ძმისშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარს კი წინ სამსონ თამარიანის მიერ ჩადენილი დანაშაული უძღოდა.
გამოძიების ინფორმაციით, სამსონ თამარიანი ჰაიკ მელტონიანის უმცროს ვაჟს საკუთარი ავტომობილით დაეჯახა და მიატოვა. როდესაც ჰაიკ მელტონიანი და მისი ძმისშვილი ბავშვის წამოსაყვანად წავიდნენ, ამ დროს თამარიანის ვაჟმა მელტონიანების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც ჰაიკ მელტონიანის ძმისშვილი შემთხვევის ადგილზე სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ შემთხვევის შემდეგ თამარიანის მისამართით მელტონიანმა გაისროლა. შედეგად კი თამარიანის ძმა დაიჭრა. ამ დროისთვის პოლიციას განზრახ მკვლელობის ბრალდებით თამარიანის ვაჟი ჰყავს დაკავებული, ჰაიკ მელტონიანი კი – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.
„მომიკლეს ძმისშვილი, ჩემი ძმა ციხეშია. ჩვენ თავებს გავწირავთ. დავიხოცებით, კანონი თუ არ აღსრულდება, ჩვენ აღვასრულებთ მას. სამსონ თამარიანი თავისუფალი არ უნდა იყოს. ის ჰაიკის ბავშვს დაეჯახა მანქანით და არასრულწლოვანი მიატოვა. როდესაც ჩემი ძმა და მეორე ძმისშვილი ბავშვის მოსაყვანად წავიდნენ, თამარიანის შვილმა ჩემს ძმისშვილს ესროლა. ის აპირებდა ჩემი ძმის მისამართით სროლას, რა დროსაც ჩემმა ძმამაც გაისროლა. ამ ყველაფერში უფროსი თამარიანია დამნაშავე. ის საკუთარ თანამდებობას იყენებს და გავლენით სარგებლობს. ამ სოფელში ყველაფერს დაპატრონებულია“, – განაცხადა ჰაიკ მელტონიანის ძმამ, დავით მელტონიანმა.
მელტონიანის ოჯახი სამსონ თამარიანის დაკავებასა და ჰაიკ მელტონიანის გათავისუფლებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები