„საქართველო მიდის ერთიანი, ევროპული სახელმწიფოსკენ და ეს ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აფხაზებისა და ოსებისთვის”

აფხაზებთან და ოსებთან ბევრი რამ გვაერთიანებს, რასაც მავთულხლართებიც ვერ გახლეჩს,- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უწყების პოლიტიკის მთავარი ხაზი პრაგმატული პოლიტიკაა, რომელიც შერიგებისკენაა მიმართული.
როგორც მინისტრი აცხადებს, ხელისუფლება აღარ უნდა წამოეგოს არც სხვის პროვოკაციას და არც ჩვენ უნდა დავუშვათ შეცდომები.
”ჩემთვის ამ თანამდებობაზე დანიშვნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არ ვარ ახალი, უფრო მაღალია პასუხისმგებლობა. ჩვენ მონიშნული გვაქვს ჩვენი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ამ პოლიტიკის მთავარი ხაზი პრაგმატული პოლიტიკაა, რომელიც მიმართულია შერიგებისკენ. დღეს ჩვენ, აფხაზებს, ოსებს, ბევრი რამ გვაშორიშორებს, მათ შორის – მავთულხლართები, ასევე ის ტკივილი, რაც გამოვიარეთ კონფლიქტის დროს. თუმცა ბევრი რამ გვაერთიანებს, რასაც ვერც მავთულხლართები გახლეჩს.
ეს არის იგივე წარსული, ასევე კარგი გამოცდილება და ალბათ ტკივილი, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსენებდეს, რომ აღარ უნდა წამოვეგოთ არც სხვის პროვოკაციას და არც ჩვენ უნდა დავუშვათ შეცდომები”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო მიდის ერთიანი, ევროპული სახელმწიფოსკენ და ეს ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აფხაზებისა და ოსებისთვის.
”ჩვენ უნდა ვიყურებოდეთ მომავლისკენ. ჩვენი პოლიტიკა მიმართული იქნება ისეთი მომავლის შექმნისკენ, საითკენაც დღეს საქართველო მიდის. ეს არის ერთიანი, ევროპული სახელმწიფო. ამ გზაზე ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ყველა სარგებელი და ინოვაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ეს მომავალი”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები