მამუკა არეშიძე: თურქეთის ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე შეგნებულად მიდის
თურქეთში მიმდინარე პროცესების ანალიზი იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქმე ორმხრივ დინებასთან გვაქვს. თურქეთს უნდა, რომ იყოს ევროკავშირის წევრი და, ამავე დროს, ისლამური სამყაროს ლიდერი, რაც ძნელი გასაკეთებელია. ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ, ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ვაჭრობას ცდილობს. „შესაძლოა, საქმე გვაქვს ორმხრივ დინებასთან. ერთი მხრივ, მოსახლეობაში, განსაკუთრებით თავგადაკლულ ერდოღანისტებში მართლა გაჩნდა ასეთი განწყობები, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებამ ამის პროვოცირება მოახდინა“, -განაცხადა მამუკა არეშიძემ. ექსპერტის აზრით, პუტჩის საქმე, მისი ორგანიზება, დაწყების თარიღი, შემდეგ პროცესი და მისი შედეგი, ბევრ კითხვას ბადებს. „როგორც ჩანს, თურქეთის ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე შეგნებულად მიდის. დიდი ხნის განმავლობაში, თურქეთმა, იმის მიუხედავად, რომ ნატოს წევრი ქვეყანაა, საერთო ენა დასავლეთთან ვერ გამონახა. ვერ მოახერხა, შეექმნა ისეთი პირობები, როცა ევროპა ახალ-ახალ პირობებს აღარ წაუყენებდა და მალე მოახდენდა მის იმპლემენტაციას ევროკავშირის სტრუქტურებში. თურქეთმა მოლაპარაკების რა გზა არ იხმარა, შემდგომ შანტაჟი, – როდესაც დევნილთა ნაკადს ევროპისკენ კარი გაუღო, ახლა სიკვდილის დასჯის აღდგენის პოზაშია. მგონია, რომ ასეთი პოზა დასავლეთთან ვაჭრობის ფორმატია“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის ამის პარალელურად, თურქეთს ყოველთვის უნდოდა გამხდარიყო ისლამური სამყაროს ლიდერი და ამა საქმეში მთავარ მხარდამჭერად დასავლეთი ეგულებოდა.