ეკა მაზმიშვილი: მარჯანიშვილის თეატრს და JTI-ს კანონი არ დაურღვევიათ

 არასამთავრობოს ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ იაპონური თამბაქოს კომპანიას (Japan Tobacco International) განათლებისა და კულტურის დაწესებულებების უკანონოდ სპონსორობაში ადანაშაულებს.
ალიანსმა უკანონონო სპონსორობასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება ორიოდ კვირის წინ გაავრცელა, სადაც ამ ყოველივესთან ერთად ამ უკანონო გადაწყვეტილებების ლობირებაშიც სახელმწიფო ჩინოვნიკებსაც ადანაშაულებდა. BPI დაუკავშირდა მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს, ეკა მაზმიშვილს, რომელიც განმარტავს, რომ არც JTI და არც თეატრი ასეთ შემთხვევაში კანონს არ არღვევს.
ის განმარტავს, რომ იაპონური თამბაქოს კომპანიასთან თეატრს გაფორმებული აქვს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, ეს არ არის სპონსორობა და რომ არა კომპანია, თეატრი წელიწადში 18 პრემიერას ნამდვილად ვერ შესთავაზებდა მაყურებელს.
„JTI ძალიან დიდ დახმარებას უწევს კულტურას, განათლებას, სხვადასხვა ფესტივალს, გაჭირვებულ ადამიანებს… ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუმინეთში… რის წინააღმდეგი უნდა ვიყოთ, ვერ გავიგე… სიგარეტი, როგორც პროდუქტი არსებობს, კომპანია ყიდის ამ პროდუქციას და ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული პროდუქტი არ არის…
რაც შეეხება სიგარეტის მავნელობას, – ეს ყველამ ვიცით. ვიცით, რომ ის ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და მოვწევთ თუ არა სიგარეტს, ეს თითოეული ადამიანის არჩევანია… მაგრამ იმის გამო რომ კომპანია ყიდის პროდუქტს, რომელმაც შესაძლოა ჯანმრთელობა დააზიანოს, კომპანიები ამ ცუდი პროდუქტის გაყიდვას ერთგვარ კომპენსირებას თუ უწევენ, რა არის ამაში ცუდი?
ბრძოლას, რომელსაც აწარმოებს ალიანსი თამბაქოს წინააღმდეგ, ამ ბრძოლას მე შევუერთდები, მაგრამ ალიანსი არასწორ ინფორმაციას გასცემს, არასწორი მიმართულებით აწარმოებს ამ ბრძოლას… JTI-ს დახმარება მარჯანიშვილის თეატრისთვის არის გადამწყვეტი, ეს ძალიან სოლიდური თანხაა და ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ წელიწადში 18-მდე პრემიერას ვუშვებთ და დახმარებების გარეშე ამდენი პრემიერის გამოშვება არის გამორიცხული. ეს ჩვენთვის არის გადამწყვეტი უკვე მერამდენე წელია, გარდა ამისა, რთულად თუ მოიძებნებიან კომპანიები, რომლებიც ასეთი თანხით დაეხმარებიან კულტურის ღონისძიებებს და დაწესებულებებს. ჩვენ გვინდა, რომ ქველმოქმედება გახდეს უფრო მრავალფეროვანი, უფრო ხელმისაწვდომი და ვიბრძვით ქველმოქმედების შესახებ კანონზე, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები მიეცეთ კომპანიებს. ამის გარეშე გამორიცხულია ქვეყნის განვითარება, რადგან განათლებისა და კულტურის დაწესებულებებს არ აქვთ ამდენი ფინანსური რესურსი… აღსანიშნავია, რომ არცერთი მხარე არ არღვევს კანონის არცერთ მუხლს, ეს არის პარტნიორობის ხელშეკრეულება, ჩუქება და არა სპონსორობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ განმარტება გვთხოვა კულტურის სამინისტრომაც, სადაც გავაგზავნეთ შესაბამისი წერილი, უბრალოდ, ალიანსი უკვე მერამდენედ სვამს ერთი და იგივე კითხვებს და ჩვეგან იღებს ერთი და იგივე პასუხებს“, – განმარტავს ეკა მაზმიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები