ერგნეთში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 68-ე შეხვედრასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. საზღვრის მოწყობის უკანონო პროცესი და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტები.
„ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის 8 ივნისს დაკავებული გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაპირველად გიუნაშვილი დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო პროკურატურამ მის მიმართ აღძრა ე.წ. სისხლის სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე.
ქართულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული და სანამ გიორგი გიუნაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, მისი საკითხი არ მოიხსნება არცერთი ფორმატის დღის წესრიგიდან, რომელშიც ცენტრალური ხელისუფლება მონაწილეობს.
ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირებული იყო მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, მით უფრო, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები