ალმა-ატის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა
სამი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა დღეს ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატის პოლიციის განყოფილებაზე მომხდარ თავდასხმას.
ქალაქ ალმა-ატაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა და კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.
ყაზახური მედიის ცნობით, „აზიური გარეგნობის წვერებიანმა მამაკაცმა“ ალმა-ატის ალმალის რაიონის პოლიციის განყოფილებასთან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო შემდეგ გაიქცა და ავტომატიდან სროლას განაგრძობდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაჭრილია ხუთი ადამიანი. ტელეკომპანია Atameken Business Chanel-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცი „სროლის წინ „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ეს უკვე მეორე თავდასხმაა ყაზახეთის ტერიტორიაზე ბოლო ხნის განმავლობაში. ქალაქ აქტობეში 5 ივნისს შეიარაღებული პირები იარაღის მაღაზიას და სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ. ორმხრივი სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.