პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომუნიკაცია პრეზიდენტებს შორის მოსკოვის ინიციატივით, შედგა.
მათივე ცნობით, პუტინი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი კატეგორიულად ემიჯნება ანტიკონსტიტუციურ ქმედებებსა და ძალადობას.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას არეულობის დროს ადამიანური მსხვერპლის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
გარდა ამისა, პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება იქ მყოფ რუსი ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თურქეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ამისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული.
საუბრის ბოლოს პუტინი და ერდოღანი უახლოეს პერსპექტივაში პირისპირ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ.