ერევანში, პოლიციის შენობიდან ორი მძევალი გამოიყვანეს – მედია მსხვერპლის შესახებ წერს

სომხეთის სპეცდანიშნულების სამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ერევანში, პოლიციის შენობიდან ორი მძევალი გამოიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ინტერფაქსი“ სომხეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ხოლო ორი მოქალაქე დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირებმა ერევანში პოლიციის შენობა დაიკავეს. შენობაში შეჭრილები დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ჟირაის სეფელიანის, გათავისუფლებასა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები