“მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველი ევროპული ვიზიტით პოლონეთშია“
მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველი ევროპული ვიზიტით სწორედ პოლონეთში იმყოფება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ბრონისლავ კომაროვსკიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბრონისლავ კომაროვსკიმ აღნიშნა, პოლონეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, მონაწილეობა მიიღოს როგორც ევროპულ, ისე ნატოს პროექტებში.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველი ევროპული ვიზიტით სწორედ პოლონეთში იმყოფება; რაც გამოხატავს პოლონეთთან თანამშრომლობის ნებას და იმას, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იაროს გზით, რომელიც მიიყვანს დასავლურ სისტემასთან, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ პროექტებთან. პოლონეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, მონაწილეობა მიიღოს როგორც ევროპულ, ისე ნატოს პროექტებში. ბატონ პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ კვლავაც განვაგრძობთ მხარდაჭერას ამ მიმართულებით. დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მიზანი, რომელსაც პოლონეთი მხარს უჭერს, არის ამბიცია, უმოკლეს დროში მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის კრიზისისა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ფონზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი თვალსაზრისი აბსოლუტურად ემთხვევა და გვჯერა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დასავლეთის მხრივ საუკეთესო რეაგირებაა რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილ ვითარებაზე. უკრაინაც ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის კანდიდატია. ეს გამოხატავს დასავლეთისა და პოლონეთის მტკიცე გადაწყვეტილებას. ამას გარდა, ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.