“პოლონეთთან განსაკუთრებულად წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობა გვაქვს“
ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ვარ პრეზიდენტ კომაროვსკის, პოლონელი ხალხის ლიდერის სტუმარი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში, თავის კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელით პოლონეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
ამასთან, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპისა და ნატოსკენ მისწრაფების სურვილი.
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა მადლობა გადავუხადოთ პოლონელ ხალხს წლების განმავლობაში მუდმივი, სტაბილური, მტკიცე, პრინციპული და კეთილგანწყობილი პარტნიორობისთვის.
ისწრაფვის რა ევროპისკენ, საქართველომ იცის, რომ მას ჰყავს ძალიან მტკიცე მეგობარი, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს რთულ ვითარებასა თუ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გვაქვს განსაკუთრებულად წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობა.
ჩვენი მისწრაფება ევროპისკენ მტკიცეა, ისევე, როგორც მტკიცეა ჩვენი მისწრაფება ნატოსკენ და მტკიცენი ვართ ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისითაც, ყოველივე ეს კი არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო თქვენს დიდებულ ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი, ასევე ევროკავშირში გაწევრების მე-10 და ნატოს წევრობის მე-15 წლისთავი. ჩვენც იგივე მიზანი გვამოძრავებს და მთელი ამ წლების განმავლობაში პოლონელი ხალხი არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერით თვალსაზრისით, არამედ გამოცდილების გაზიარების მხრივაც გვეხმარებოდა.
ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიმართულებით კვლავ გრძელდება, რაც კარგად აისახა ადგილობრივი მმართველობის კანონმდებლობაზე და განხორციელდება მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მზად ვართ გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და პოლონეთს შორის ბიზნესისა და ფინანსური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.
კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი დღისათვის, არაჩვეულებრივი ემოციებისა და საუცხოო ვიზიტისთვის.
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ პოლონური გუნდის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და დახვეწილი იყო, რაც კი აქამდე მომისმენია.
ჩვენთვის უზომოდ სასიამოვნოა აქ ყოფნა და მოუთმენლად ველით არსებული ურთიერთობის განმტკიცებას, თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ერთობლივ, ეფექტიან მუშაობასა და წინსვლას დასახული მიზნისკენ – ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.