რატომ გაიფიცნენ N135, N32 და N4 სამარშრუტო ტაქსები – ვინ არის პასუხისმგებელი მგზავრთა გადაადგილებაზე

თბილისის მიკროავტობუსი N135 გაფიცვის გამო ხაზზე არ გამოცხადდა. მგზავრები, რომლებიც მუხიანის დასახლებიდან საბურთალოს მიმართულებით უნდა გადაადგილებულიყვნენ, სამარშუტო ტაქსს დილის 8:20 წუთიდან გაჩერებებზე ამაოდ ელოდებოდნენ.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, რამდენიმე ათეული მიკროავტობუსი N135 მუხიანის დასახლებაში ბოლო გაჩერებაზე იდგა და პროტესტის გამო ხაზზე არ გადიოდა. თუმცა, სხვადასხვა გაჩერებაზე ამ ტრანსპორტს უამრავი მგზავრი ელოდა.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, იგი სამარშრუტო ტაქსს 8:15 წუთიდან ელოდა და ექიმთან ვიზიტზე აგვიანდებოდა. 13695775_1180299351992556_1551625293_n
„ძალიან ვნერვიულობ, თირკმელი მაწუხებს, ფეხზეც ძლივს ვდგავარ. ექიმთან 9 საათზე უნდა ვიყო და უკვე რამდენი ხანია „მარშრუტკას“ ველოდები. ძლივს ჩავეწერე ექიმთან. რომ დამაგვიანდეს, შეიძლება დღეს ჩემი ვიზიტი არც შედგეს. ასე თუ გაიფიცნენ, ელემენტარულად საზოგადოებამ ამის შესახებ ხომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გადაადგილების სხვა ხერხს მივმართოთ. ეს რომ მცოდნოდა, სხვა რამეს მოვიფიქრებდი“, – ამბობს 54 წლის ქალბატონი.
კიდევ ერთ მგზავრს, რომელიც სამარშრუტო ტაქსს გაჩერებაზე ამაოდ ელოდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დედასთან მიდიოდა. როგორც „კვირას“ ახალგაზრდა მამაკაცმა განუცხადა, დღეს დედისთვის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ და ძალიან ჩქარობდა.
„დედაჩემს ოპერაციას უტარებენ და მინდა ოპერაციამდე მივასწრო. უკვე ნახევარი საათია, ველოდები „მარშრუტკას“, მაგრამ არ ჩანს“, – აღნიშნა გოგა ჩ-შვილმა.
როგორც „კვირას“ კიდევ ერთმა მგზავრმა განუცხადა, იგი ტრანსპორტს უკვე 30 წუთი ელოდებოდა და აღშფოთებას ვერ მალავდა.
„ასეთი განუკითხაობა, რაც ამ „მარშრუტკებში“ ხდება, არ ვიცი, თუ სადმე ხდება. ზაფხულია, არცერთ ტრანსპორტში მძღოლები კონდიციონერებს არ რთავენ. მგზავრებით გადაჭედილ ტრასპორტში ჰაერი არ არის. ზოგს გული აწუხებს და ამ სიცხეში კონდიციონირებსაც არ რთავენ, დავიჯერო ყველა კონდიციონერი მწყობრიდან არის გამოსული?! რამდენიმე დღის წინ ერთ მგზავრს სიცხისგან ცხვირიდან სისხლი წასკდა. თუ მძღოლს კონდიციონერის ჩართვას მოსთხოვ, იძახიან, რომ არ მუშაობს. ვინმე ამოწმებს საერთოდ? ან ტექნიკურად რამდენად გამართულია ეს ტრანსპორტი, რომელთაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე აბარიათ? მხოლოდ გადასახადებზე საუბრობენ და შემოსავალზე, თუმცა არავის აინტერესებს, რა პირობებში გვიხდება ყოველდღიურად მგზავრობა. ასეთი უპასუხისმგებლობა როდემდე შეიძლება? ვინ აგებს ჩვენს სიცოცხლეზე პასუხს“, – ამბობს დეა ჩ-ლი.
აღსანიშნავია, რომ სამარშრუტო ტაქსი N135 მუხიანის დასახლებიდან, ნაძალადევის რაიონის გავლით, ვაჟა-ფშაველას მაგისტრალზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მარშრუტს ასრულებს. ყოველდღიურად, ამ მარშრუტით ასეულობით მგზავრი გადაადგილდება.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მგზავრს, რომელიც ვერიდან საბურთალოზე მოდიოდა, ანალოგიური პრობლემები შეექმნა.
როგორც „კვირა“ ქეთი შ-შვილმა განუცხადა, იგი სამარშრუტო ტაქსს N4 40 წუთის განმავლობაში ელოდა.
„ველოდებოდი 4 ნომერ სამარშრუტო ტაქსს, რომელიც ყოველ 10 წუთში ერთხელ დადის ბარნოვის ქუჩით. ვინაიდან ბარნოვის ქუჩა სარემონტო სამუშაოების გამო გადაიკეტა, წესით ხორავას ქუჩით უნდა მოსულიყო. დაახლოებით 10-ის 20 წუთზე გაიარა ერთმა 4-მა ნომერმა და არ გააჩერა, ვინაიდან ხალხით იყო სავსე, მას მერე 40 წუთი ველოდეთ და ხორავას ქუჩაზე 4 ნომერი აღარ მოსულა. სამსახურში ყოველთვის ამ სამარშრუტო ტაქსით დავდივარ და სხვა დროს არასოდეს ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ ასეთი დიდი შუალედით 4 ნომერს დაეგვიანა… ამ შუალედში არც 131 ნომერი სამარშრუტო ტაქსი არ მოსულა, რომელი გზის ამ მონაკვეთზე 4 ნომრის მარშრუტით დადის“, – აღნიშნა ქეთი შ-მა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „კვირა“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკურ დირექტორს, დავით ასანიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან „კვირა“ პრესსამსახურში გადაამისამართა.
კითხვაზე, რატომ არ გამოცხადდა სამარშუტო ტაქსი N135 ან N4 სამარშრუტო ხაზზე, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განცხადებით გვიპასუხა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს დილით კომპანიის დიღმის ავტოპარკში ადგილი ჰქონდა 32-ე ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობის ფაქტს, მას შემდეგ, რაც მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა მოსთხოვა ალკოტესტის გავლა. კერძოდ, დილით სამსახურში მისულ მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა, რომლის ვალდებულებებშიც შედის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა, მძღოლს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა, მძღოლმა მოთხოვნის შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც ორ მხარეს შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია, მძღოლმა ჩააყენა მიკროავტობუსი ავტოპარკის გასასვლელში, არ მისცა სხვა მძღოლებს ხაზზე სამუშაოდ გასვლის საშუალება და მომხდარის ე.წ. გაფიცვად ინსპირირებას შეეცადა. ამ დროისთვის ფაქტზე კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, ამოღებულია და იშიფრება ვიდეოჩანაწერები, მოკლევის დასრულების შემდეგ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ გატარებული იქნება კომპანიის შიდა წესდებით გათვალისწინებული სანქციები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ N135 სამარშრუტო ტაქსი რეისს ისე ასრულებს, რომ გადაადგილების დროს დიღმის დასახლებას საერთოდ არ გაივლის. მოგვიანებით, როგორც „კვირას“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა, მისთვის გაფიცვის მიზეზი უცნობი იყო.
„რატომ არ მოძრაობდა N135 სამარშრუტო ტაქსი დილიდან, ჩემთვის უცნობია, რადგან 32 -ის საკითხზე ვიყავი გადართული. რაც შეეხება N135 ხაზზე არ გამოცხადების მიზეზს, კომპანიაში გაარკვევენ და მიზეზს მოგვიანებით გაცნობებთ. ამ დროისათვის, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ხაზზე გავიდნენ“, – აღნიშნა ნათია მიქიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები