ირაკლი კობახიძე: საკმაოდ დიდი ხანია, პირობა მივეცით ამომრჩევლებს და ეს პირობა შევასრულეთ

„ქართული ოცნება“ აუცილებლად მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში და ამის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება ის გუნდი, რომლითაც დღეს წარვდექით ჩვენ ამომრჩევლის წინაშე“, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პარტიის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიის ახალი სახეები აერთიანებენ ყველა იმ თვისებას, რომელიც ქართული პოლიტიკის შემდგომი გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენ შევასრულეთ დანაპირები, რაც დავაანონსეთ დიდი ხნის წინ. ჩვენ წარვდექით განახლებული გუნდით, ახალი სახეებით დღეს ამომრჩევლის წინაშე. ეს ადამიანები არიან შერჩეულები ზუსტად იმ კრიტერიუმებით, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი – ეს არის განათლება, ეს არის გამოცდილება, ეს არის პრინციპულობა. ეს ადამიანები აერთიანებენ ყველა იმ თვისებას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკის შემდგომი გაჯანსაღებისთვის“, – აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
რაც შეეხება საპარლამენტო სიის ფორმირების საკითხს, როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა, სიაზე მუშაობა გრძელდება და მოგვიანებით გახდება ყველაფერი დანარჩენი ცნობილი.
„ჩვენთვის მთავარი იყო ჩვენი გუნდის თვისობრივი განახლება, რაზეც ვსაუბრობთ უკვე რამდენიმე თვეა, საკმაოდ დიდი ხანია და ჩვენ ეს პირობა, რაც მივეცით ამომრჩევლებს, ის, რომ წარვდგებოდით განახლებული გუნდით მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ეს პირობა შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, აერთიანებენ თავის თავში ყველა იმ თვისებას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის“, – დასძინა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები