ხაჯიმბა – ე.წ. შსს-ს შენობასთან არეულობის მონაწილეები დაისჯებიან
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მასობრივი არეულობის მონაწილეები სათანადოდ დაისჯებიან. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
„ეს საკითხი კანონის მიხედვით გადაწყდება და არანაირი სხვა მიდგომები არ იქნება. ეს ხალხი დაისჯება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 206-ე მუხლით. არავის არ ეპატიება ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება სახელმწიფო დაანგრიოს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის ის ყოველთვის მზად არის.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე დღის წინ გამართული მიტინგი შეტაკებებში გადაიზარდა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.