“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე თვეში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ ესაუბრა. პრემიერი მოსახლეობას იმ პირობების შესახებ ესაუბრა, რომლითაც საქართველო აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ისარგებლებს.
“ჩვენ სულ რამდენიმე თვეში ხელს მოვაწერთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის ევროპასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯი. მოგეხსენებათ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირის წევრობას არ ნიშნავს, მაგრამ ასოცირების ხელშკრულების ხელმოწერით ჩვენი ხალხი უკვე იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც ევროპასთან დაახლოება მოგვიტანს, – იხსნება ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები, ჩვენს ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ, ქართული პროდუქცია შეიტანონ ევროპაში, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია ევროპის მაღალ სტანდარტებს დააკამყოფილებს. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ მხარში გვიდგანან ევროპელი მეგობრები და ამერიკის შეერთებული შტატები. გარწმუნებთ, ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება“,- აღნიშნა პრემიერმა.