მიხეილ ჯანელიძე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და “გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის” წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფი” 2014 წელს უელსის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფი მიზნად ისახავს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ალიანსმა გააერთიანა ხუთი ყველაზე თავსებადი ქვეყანა საქართველო, ავსტრალია, ფინეთი, შვედეთი, იორდანია. “გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის” შეხვედრას წელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც შეუერთდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცების გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერორიზმთან ბრძოლას, საზღვაო უსაფრთხოებასა და არასტაბილური მდგომარეობით გამოწვეული მიგრაციის კრიზისს. შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და მიესალმა მოკავშირეების ძალისხმევას, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, გაზარდონ პარტნიორი ქვეყნების თავდაცვითი და უსაფრთხოების შესაძლებლობები. “გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის” შეხვედრა ვარშავის ოპერის თეატრში, სამუშაო ვახშმის ფორმატში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები