“აფხაზეთის დაბრუნებას სწორედ სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი“

   საქართველოს უახლეს ისტორიაშიც ყველაზე მეტი ტკივილი, ყველაზე დიდი პრობლემები სამეგრელოს დაატყდა თავს – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მოსახლოებასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამეგრელოს წიაღიდან გამოსული ყველა გამოჩენილი მოღვაწე ისევ და ისევ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს იდეით სულდგმულობდა.
“სამეგრელო განთქმულია ღირსეული შვილებით, სამშობლოსათვის თავგანწირული გმირებით. საქართველოსთვის თავგანწირვისა და ღირსების მაგალითი იყო ცოტნე დადიანის გმირობა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას ცხოვრება. სამეგრელოს წიაღიდან გამოსული ყველა გამოჩენილი მოღვაწე ისევ და ისევ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს იდეით სულდგმულობდა. საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შესწირეს სიცოცხლე მერაბ კოსტავამ და დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. ყოველთვის, როცა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ან დანაწევრებული საქართველოს აღდგენისა და გამთლიანების იდეა იბადებოდა, სამეგრელო თავის სიტყვას ამბობდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
ასეა ახლაც. საქართველოს უახლეს ისტორიაშიც ყველაზე მეტი ტკივილი, ყველაზე დიდი პრობლემები სამეგრელოს დაატყდა თავს. აქ გაიარა ყველა უსამართლობამ. წლების განმავლობაში მოსახლეობა ზარალდებოდა. და ამის მიუხედავად, სწორედ სამეგრელო, მეგრელები გახდნენ მთელი დანარჩენი საქართველოსთვის სიმტკიცის მაგალითი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გამძლეობისთვის და სიმტკიცისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, აფხაზეთის დაბრუნებას სწორედ სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ღარიბაშვილის განცხადებით, სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ საკუთარი, უკეთესი და უსაფრთხო მომავლისათვის ზურგის შექცევას ნიშნავს.
“სწორედ აქ, სამეგრელოში, უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას. პირველ რიგში, უნდა დავეყრდნოთ იმ განწყობას, რომელიც აფხაზებს განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ, აფხაზებთან ერთად, ვიპოვით ღირსეულ გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. ჩვენი მთავარი მიზანი ერთმანეთის ნდობის მოპოვება იქნება. საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს და, რაც მთავარია, აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენთან. მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების მიმზიდველმა პერსპექტივამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი. სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ საკუთარი, უკეთესი და უსაფრთხო მომავლისათვის ზურგის შექცევას ნიშნავს. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ყველა ღირსეულად იცხოვრებს. როდესაც ჩვენ საქართველოს ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გადავაქცევთ, მაშინ ჩვენს აფხაზ ძმებსაც ჩვენკენ გამოუწევთ გული და უცხო ქვეყანას აღარ შეეკედლებიან. მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი, ფეხზე მყარად მდგარი და წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა გახდება საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის საწინდარი. ეს მიმაჩნია აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად, რადგან ამ ურთიერთობების აღდგენის გარეშე ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები