სტოლტენბერგი – ვარშავის სამიტზე ნატოს 29-ე წევრი დაემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსი „ღია კარის“ პოლიტიკას აგრძელებს

„ვარშავის სამიტზე ნატოს 29-ე წევრი შეემატება, რაც ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა“, – ამის შესახებ სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატოს გენდმივანმა ასე უპასუხა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. “მონტენეგრო (ჩერნოგორია) ამ სამიტზე იქნება წარმოდგენილი. ის ნატოში გაწევრიანების პროცესში ოფიციალურად იმყოფება და ალიანსის წევრი იმ მომენტში გახდება, როდესაც ნატოს 28 წევრი პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენს. ეს სამიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან და უკრაინასთან, როგორც ალიანსის ახლო პარტნიორებთან. რაც შეხება საქართველოს – ნატოს აპლიკანტ სახელმწიფოს, ჩვენ ვმუშაობთ მასთან, ვეხმარებით შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რეფორმების გატარებასა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში. უელსის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი მიენიჭება, მას შემდეგ ვმუშაობთ ამ პაკეტის განხორციელებაზე. გავაგზავნეთ ჩვენი ინსტრუქტორები, გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების და მხარდაჭერის მკვეთრი სიგნალი. მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, სამიტზე ალიანსი დაადასტურებს აღმოსავლელი პარტნიორების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეტის მხარდაჭერას, რომ დაეხმაროს მათ, რათა გარე ზეწოლას გაუძლონ და რეფორმები გააგრძელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები