აკაკი ბობოხიძე: "ოცნება" ყველა შეცდომაში "ნაცმოძრაობას" ემსგავსება
“ქართული ოცნება” ყველა შეცდომაში ემსგავსება “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ ვერ ემსგავსება იმაში, იყოს ეფექტური მთავრობა – ამ განცხადებით უმრავლესობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
“ბატონებო, თქვენი სამართლიანობის აღდგენის პროცესი იღებს სასაცილო ფორმას – ამ სამართლიანობის აღდგენაში მონაწილეობენ პროკურორები, რომელთანაც შეთანხმების გარეშე, ვინც ჩვენი ხელისუფლების ანატომიას იცნობს, არაფერი ხდებოდა. ხონის გამგებლის საქმეზე პროკურორი არის ვინმე დავით ლიპერტი, რომელიც სამხარეო პროკურატურაში მთავარი პროკურატურიდან არის გადმოყვანილი, სადაც ფინანსურ საქმეებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ეს იყოს პირი, რომელიც არათუ უბრალოდ შემსრულებელი იყო, არამედ იყო მთავარი მონაწილე იმ ე.წ. ბიზნესის დაყაჩაღებისა, რომელსაც ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად წინა ხელისუფლებას უყენებთ. გამოდის, რომ თქვენ შემსრულებლების მიერ შესრულებულ საქმეებზე კი არ გქონდათ პრეტენზია, არამედ გინდოდათ ამ შემსრულებლების ბატონები და პატრონები ყოფილიყავით”, – მიმართა უმრავლესობას აკაკი ბობოხიძემ.