“არის მოლოდინი, რომ საქართველომ ვარშავის სამიტზე მიიღოს თანამშრომლობის უფრო პრივილეგირებული პაკეტი“

ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ადეკვატური მოლოდინები გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ საქართველომ მიიღოს უფრო განსხვავებული და პრივილეგირებული პაკეტი თანამშრომლობის ახალ ფორმატში.
„ზოგადად მგონია, რომ ჩვენ გადავდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს წინ. ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უყურებს, როგორც უსაფრთხოებისა და მაღალი დაცვის გარანტიებისთვის კიდევ ერთ, ძალიან კარგ, უალტერნატივო შესაძლებლობას უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ სივრცეში ძალიან სწრაფად ვიყოთ ინტეგრირებული. ამიტომ მოლოდინი, რომ საქართველომ მიიღოს უფრო განსხვავებული უკეთესი, პრივილეგირებული პაკეტი თანამშრომლობის ახალ ფორმატში, ეს არის ძალიან რეალისტური მოლოდინი და ნაბიჯი წინ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის სამიტზე წარმოადგენს ერთიან რეზოლუციას, რომელიც მიღებული იყო ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ.
„იმის მიუხედავად, რომ შიდა საკითხებში, ბევრ რამეზე, მათ შორის ფუნდამენტალურ საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებთან ვერ ვთანხმდებით, ამ საკითხში, რომელიც ეხება საგარეო კურსს, არის ერთიანი ხედვა, ერთიანი პოზიცია, ერთიანი მიდგომა და ვარშავის სამიტზე საქართველო ერთიანი ტექსტით იქნება წარმოდგენილი. ეს არის კარგი ფორმა, კარგი გზავნილი უკეთესი ნაბიჯის გადასადგმელად, კიდევ ერთი კარგად მომზადებული შიდა შეთანხმებული დოკუმენტი, რომელიც ასახავს ერთიან პოზიციას. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს და, ვფიქრობ, უკეთეს ეტაპზე გადავინაცვლებთ,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ნატოს ვარშავის სამიტზე, რომელიც დღეს გაიხსნა, საქართველოს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდავეთთან.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები