ბესელია პრეზიდენტს პასუხობს: ამას რიგგარეშე სხდომა კი არ სჭირდება, არამედ პროცესის ბოლომდე მიყვანა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ მიმართვას გამოეხმაურა. ბესელიას შეფასებით, სასამართლოს რეფორმის ე.წ. მესამე ტალღას არა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, არამედ პროცესის ბოლომდე მისაყვანად, სრული კონსესუსი სჭირდება.
”ჩვენ რეფორმის ორი ეტაპი განვახორციელეთ. მესამე ეტაპი ბოლომდეა მისაყვანი. არ გამოირიცხება არც ის, რომ ახალი კანონის ამოქმედების პროცესში კიდევ სხვა საჭიროებები დავინახოთ, რადგან სასამართლო ხელისუფლების სრული დამოუკიდებლობისთვის და არსებული პრობლემების სრულად აღმოფხვრისთვის, საჭიროა კომპლექსური მუშაობა არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, არამედ კანონმდებლობის აღსრულების პროცესში ყველა მონაწილე პირის აქტიური ჩართვით – პირველ რიგში, საჭიროა თავად სასამართლო ხელისუფლების მზაობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დაწყებულია საარჩევნო პროცესი, პარლამენტი სხვა რეჟიმზეა გადასული, რის გამოც, სხდომის მოწვევა, არარეალურია.

ბესელიას განცხადებით, პრობლემაა არა პარლამენტის სხდომის ჩატარება, არამედ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა.

”ამას რიგგარეშე სხდომა კი არ სჭირდება, არამედ პროცესის ბოლომდე მიყვანა და სრული კონსენსუსი. სხდომის ჩატარება კი არ არის პრობლემა, არამედ მთავარია, სხდომა მზად იყოს იმის შესახებ, თუ რა მოდელს ვღებულობთ, რადგან აზრთა სხვადასხვაობა იყო. განსხვავებული მოსაზრება ”რესპუბლიკელებსაც“ ჰქონდათ და სხვა ფრაქციებსაც. საჭიროა, დარჩენილ რამდენიმე საკითხზე შეთანხმება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყოს ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების მომავალი აღელვებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ასევე მზადაა, კონსულტაციები გამართოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის თარიღთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები