დუნია მიატოვიჩი: მედიათავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა, რომელიც თბილისში ეუთოს მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებული სამხრეთ კავკასიის მე-13 მედიაკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
მხარეებმა ისაუბრეს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე, რუსულ პროპაგანდაზე და საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთოს ოფისს შორის თანამშრომლობაზე.
დუნია მიატოვიჩის შეფასებით, მედიათავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია.
მისი თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიაგარემოს არსებობა. მედიის თავისუფლების საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, როგორც არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც გარკვეულწილად რუსული პროპაგანდა პრობლემას წარმოადგენს.
როგორც დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, დაუშვებელია მედია ავრცელებდეს სიძულვილის ენას, ახალისებდეს ძალადობას და მოუწოდებდეს ამბოხისკენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთოს ოფისს კარგი თანამშრომლობა აკავშირებს, რისთვისაც დავით უსუფაშვილმა დუნია მიატოვიჩის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები