ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, ნატოს სამიტზე დასასწრებად ვარშავას დღეს ეწვევა.
როგორც ”კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე – ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება.
ქვეყნის პირველი პირი ნატოს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრება. სამიტის ფარგლებში პირველად იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაა დაგეგმილი. მიხეილ ჯანელიძე ასევე სამუშაო ვახშამს დაესწრება, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პატივსაცემად იმართება, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შეხვედრაში, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება.
ნატოს სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები