გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში, სამიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში, სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ სამიტის შემდეგ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ბერკეტი გარე საფრთხეებთან გასამკლავებლად და ალიანსი ისევ მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკური სწრაფვისკენ“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობა. მისი აზრით, ვარშავის სამიტის წინ, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, მიანიშნებს უპირობო და მყარ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.
„ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ეს ვიზიტი მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ჯონ კერის ვიზიტს საპარლამენტო არჩევნების წინ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, – თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ჯონ კერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა. ვარშავის სამიტი 8-9 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები