“სოციალ-დემოკრატები ” და “ქართული ოცნება” არჩევნებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ “სოციალ- დემოკრატები“ და „ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთად მიიღებენ. დიდი ალბათობით მათ “კონსერვატორებიც” შეუერთდებიან.
„ეს არ არის მინიშნება, ეს გადაწყვეტილი საქმეა. ვფიქრობ, უახლოეს ხანში კანდიდატები წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც მაჟორიტარები, ასევე სიის შემადგენლობაც ცნობილი იქნება. “კონსერვატორებიც”, ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებენ მონაწილეობას. სიმართლე თუ გინდათ, დღესდღეობით ასეა, ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ კონსერვატორებიც შესაძლოა, იყვნენ, თუ არადა უახლოეს ხანში შევიტყობთ ყველაფერს“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟორჟოლიანი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სოციალურ კვლევასაც შეეხო, რომლებიც სხვადასხვა პარტიის რეიტინგს ასახავდა. მან განაცხადა, რომ კვლევის მიზანი საზოგადოების მანიპულირება იყო.
“მოსახლეობამ გადაწყვეტილება არა გამოკითხვებით უნდა მიიღოს, არამედ – საკუთარი შეხედულებების საფუძველზე. მგონია, რომ მედიაც ცოტა ზედმეტ ყურადღებას აქცევს ამას. ვფიქრობ, ცალსახაა ის რეალობა, რომ მოსახლეობის დიდი უმეტესობა მხარს დაუჭერს “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, ჟორჟოლიანმა ასევე განაცხადა, საზოგადოება არ არის დაზღვეული იმისგან, რომ არჩევნებზე პროვოკაციებსაც ჰქონდეს ადგილი, თუმცა მან მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოეჩინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები