დავით უსუფაშვილი: ქაღალდზე იწერება ჩვენი ქვეყნისთვის ყველა სასარგებლო და სასიკეთო გადაწყვეტილება

„ამ რეზოლუციის გამო რუსები ხვალ ჯარებს ცხინვალიდან და სოხუმიდან არ გაიყვანენ, მაგრამ ამ რეზოლუციის გამო მათ ექნებათ პრობლემები შემდგომი აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად“, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილ რეზოლუციას – “კონფლიქტები საქართველოში“, რომელიც ასამბლეამ გაიზიარა და “თბილისის დეკლარაციაში“ აისახა.
როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი რეზოლუციები ხდება შემდგომი მოქმედებების საბაზო დოკუმენტები იმ სახელმწიფოებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც მას მხარი დაუჭირა.
“რეზოლუციის იმპლემენტაციის თაობაზე მესმის გარკვეული ქირქილი, რომ ქაღალდზე დაიწერება, მერე რა მოხდა და ასე შემდეგ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და, საერთოდ, პარლამენტები ქაღალდზე დაწერილ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე. ჩვენ სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი არ გვაქვს. ქაღალდზე იწერება ჩვენი ქვეყნისთვის ყველა სასარგებლო და სასიკეთო გადაწყვეტილება და ასევე ქაღალდზეა დაწერილი არასწორი და მიუღებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს უქმნის პრობლემას – იქნება ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით თუ სხვა თემებზე. ასეთი რეზოლუციები ხდება შემდგომი მოქმედებების საბაზო დოკუმენტები იმ წევრი სახელმწიფოებისა და იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც მას მხარი დაუჭირა. ისინი სხვა შემთხვევაში, როცა კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები, ამ რეზოლუციას ითვალისწინებენ. ამიტომ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა ისეთივე დიდია, როგორც სხვა აქტების“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია: „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები