გია ვოლსკი: რეზოლუციის უკან ის მძლავრი მხარდაჭერა იკითხება, რაც საქართველოს ექნება ყველა სფეროში
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის უკან იკითხება ის მძლავრი მხარდაჭერა, რაც საქართველოს ექნება ყველა სფეროში. მისი განმარტებით, დასტური, რომ ქვეყანას მხარდაჭერა გააჩნია, ძალიან ბევრ სამომავლო პერსპექტივებზე მიანიშნებს.
„ეს დოკუმენტი არ ემსახურება იმას, რომ მყისიერად, ხვალვე მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ან რუსეთი პოზიციას შეიცვლის, აქ არის მთავარი ხაზგასმა, სად არის წყალგამყოფი მსოფლიოსა და რუსეთს შორის, რუსეთის დამოკიდებულებებს შორის საქართველოსა და რეგიონის საკითხების მიმართ. სამოქმედო გეგმაც იკითხება ამ რეზოლუციაში და, ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუცია „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცეს. პლენარულ სხდომაზე ასევე 122 ხმით, 6-ის წინააღმდეგ ეუთომ დაამტკიცა თბილისის დეკლარაცია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 19 პუნქტისგან შედგება. რეზოლუციაში, სახელწოდებით: ”კონფლიქტი საქართველოში” ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას. რეზოლუციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.