სუს-ი: სამხრეთ ოსეთში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
როგორც “კვირას” სუს-ში განუცხადეს, გიუნაშვილი უკანონო პატიმარია. უწყების განმარტებით, ის საოკუპაციო ძალებმა 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი გათავისუფლების საკითხი, სხვა უკანონო დაკავებულების საკითხთან ერთად, დასმულ იქნა IPRM-ის ბოლო შეხვედრაზე.
“საოკუპაციო ძალებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. გამოძიება, დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდული ბრალდება, გიუნაშვილი არის უკანონო პატიმარი და მანამ, სანამ ის არ იქნება გათავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან, მისი საკითხი არ მოიხსნება IPRM-ის და სხვა ფორმატების დღის წესრიგიდან, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას”, – აცხადებენ სუს-ში.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც, დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტერაქტების მოწყობას გეგმავდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გიუნაშვილი ეჭვმიტანილია ცხინვალის რაიონში 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაში და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში, რის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა. „სპუტნიკის“ ცნობით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები