გიორგი მარგველაშვილი ბერლინში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად, ბერლინს ეწვია. დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერის ფონდში, თემაზე ” საქართველოს ევროპული გზა,” რის შემდეგაც მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხებს.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ხვალ, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა გერმანიის პირველ ლედისთან, დანიელა შადტთან.
გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდესრატის პრეზიდენტებთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.