დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 67-ე – შეხვედრა გაიმართება
სოფელ ერგნეთში, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 67-ე – შეხვედრა გაიმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ 66-ე შეხვედრის შემდგომ პერიოდში მომხდარ ინციდენტებს, ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს, მათ შორის ბოლო დროს გახშირებული უკანონო დაკავებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
დაგეგმილია ბანერების დაყენებისა და გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების განხილვაც.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.