ნუკრი ქანთარია ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე: არ მგონია, რომ ასეთი თვითნებური ნაბიჯი სასიკეთო იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას აზრით, თავდაცვის მინისტრის მხრიდან ადგილი ჰქონდა თვითმოქმედებას, რაც არასწორია.
ამასთან, ნუკრი ქანთარიამ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას საარჩევნო სვლა უწოდა.
“ასეთი გადაწყვეტილება თვითმოქმედებით თავდაცვის მინისტრმა არ უნდა მიიღოს. რამდენადაც ვიცი, ეს არ იყო შეთანხმებული არც პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, არც პრემიერთან და არც პრეზიდენტთან. ასე რომ, გამოვიდა წინასაარჩევნო სვლა. ასეთი გადაწყვეტილება მთლიანად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, მას სჭირდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რადგან არ არის სახუმარო საქმე. არ მგონია, რომ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილება სასიკეთო იყოს, თუმცა არც ტრაგედია არ არის, რადგან შემდეგ თავდაცვის მინისტრს შეუძლია აღნიშნული ბრძანება გააუქმოს“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები