თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ჩაჩიბაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ჩ. მიმართ, რომელსაც ბრალად ედება კანონიერი ქურდობა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, განცხადებას ავრცელებს.
„კვირა“ საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2016 წლის 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ
დავით ჩ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების თაობაზე.
დავით ჩ.-ს ბრალად ედება კანონიერი ქურდობა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
საქმის მასალების თანახმად, დავით ჩ. 2014 წელს აღიარებულ იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდად“.
იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს და თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ე.წ. „ქურდულ გარჩევებსა“ თუ სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით. 2016 წლის 22 ივნისს ბრალდებული იმყოფებოდა მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპის მიმდებარე ტერიტორიაზე და სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.
ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, ვინაიდან არსებობს როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის, 9 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება“ – ნათქვამია განცხადებაში.