ხელვაჩაურში მოწამლული ბავშვები რეანომობილებით თბილისში გადმოიყვანეს

ხელვაჩაურში დაბადების დღეზე მოწამლული 11 ბავშვი ბათუმის საავადმყოფოდან თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ისინი კლინიკის ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში არიან მოთავსებულნი. როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, კლინიკაში 11 პაციენტი ბათუმიდან წუხელ, ღამის საათებში, კატასტროფის ბრიგადის მანქანებით გადმოიყვანეს. მათ შორის, ყველაზე პატარა 1, 6 თვის, ხოლო უფროსი 16 წლისაა.
საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტებს თავბრუსხვევა და არაადეკვატური ქცევა აღენიშნებოდათ. მედიკოსების განმარტებით, ამ დროისათვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ნივთიერება, რომელმაც ტოქსიკური ეფექტი გამოიწვია, ამ დრომდე უცნობი რჩება.
„ასეთ სწრაფ ინტოქსიკაციას იძლევა აეროზოლური ინტოქსიკაციები,“ – განმარტა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექსპერტ-ტოქსიკოლოგმა ოთარ რუსაძემ.
ხელვაჩაურში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 118-ე მუხლის, მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქმეში ჩართულნი არიან ლ. სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ექსპერტები და სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები