ალან კოჩიევი – საქართველო ლტოლვილების პრობლემის მოგვარებით არ არის დაინტერესებული
იმის გამო, რომ საქართველომ ლტოლვილების პრობლემის განხილვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაიწყო, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან კოჩიევმა განუცხადა.
„ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდში დაწყებული საქმე ქართული მხარის პოზიციამ ჩაშალა. მან გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხი კვლავ გაიტანა. ამის გამო ამ საკითხის განხილვა ჟენევის დისკუსიების ფორმატში შეუძლებელი ხდება“, – დაწერა კოჩიევმა ფეისბუქის გვერდზე. კოჩიევის თქმით, ქართული მხარე დევნილების პრობლემის რეალური მოგვარებით დაინტერესებული არ არის და აქედან პოლიტიკური და ეკონომიკური მოგების მიღებას ცდილობს.