“ჩვენი ქვეყანა სამიტიდან თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დასრულდა.
ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
„გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე ვარშავის სამიტის შესახებ ვისაუბრეთ. მთავარი თემა იყო ის კომუნიკე, რომელიც სამიტის შედეგად უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. განვიხილეთ საკითხები, რომლისგანაც ველოდებით პროგრესს, პროექტები, რომლის განხორციელებაც, სწორედ, ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა დაიწყოს საქართველომ.
იქნება ბევრი საინტერესო სიახლე, მთელი რიგი ახალი თემების, ახალი ინიციატივების, რომლებიც ამ საუბრებისა და შეხვედრების შედეგად საბოლოო ჯამში წევრების ერთიანობის პირობებში უნდა გახდეს ვარშავის სამიტის მონაპოვარი – საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.
ერთი რამ, რაც შეგვიძლია, აბსოლუტურად ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და ორმხრივი პროექტებით დატვირთული და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა. მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზე, დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც და იმედი გვაქვს, ამ კუთხითაც გვექნება წარმატება. თუმცა, მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დავუსახეთ ვარშავის სამიტს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები, ადვილად გასაგები და ასახსნელი პროგრესი“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ, ხორვატ, თურქ და უკრაინელ კოლეგებსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები