არტურ მიქვაბია – საქართველოსთან დიალოგს თანასწორუფლებიანობის პირობებში წარვმართავთ
“აფხაზეთი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის, მაგრამ თანასწორუფლებიანობის პირობებში”,- ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრემიერ–მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა.
„თუ საუბარი თანასწორუფლებიანობის პირობებში წარიმართება, მაშინ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ არა – მაშინ საუბარი საერთოდ არ შედგება“, – განაცხადა მან. ამის შესახებ სააგენტო „რია–ნოვოსტი“ იუწყება.
მან ასევე დაამატა, რომ ურთიერთობების აღდგენა მარტივი პროცესი არ იქნება. „საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს იმის გადაფასება, თუ რა მოხდა აფხაზეთთან დაკავშირებით. აფხაზები იმ ტრაგედიაში დამნაშავეები არ არიან, ჩვენ ომი არ დაგვიწყია. გაიზარდა მთელი თაობა, რომელიც ქართველებს არ იცნობს, ამის გამო ნორმალური ურთიერთობების დამყარება საკმაოდ რთული იქნება“, – განაცხადა მიქვაბიამ.
ამასთანავე, ე.წ. პრემიერმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებში თანამრომლობა შესაძლებელია და ის ახლაც მიმდინარეობს. „ჩვენ გარკვეული სირთულეები გვქონდა ენგურჰესზე და ეს საკითხები, პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, მოვაგვარეთ. შესაბამისად, ადამიანების ინტერესები და საღი აზროვნება წინა პლანზე უნდა დადგეს და ამით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი“, – განაცხადა ქრტურ მიქვაბიამ.