საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე ფიფას მიმართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას მიმართავს და გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნას ეხმაურება. სფფ დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფას წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას.
”საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აპირებს, გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ფიფას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე წერილში აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთად, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფას და უეფას სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფას წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას”, – აცხადებენ სფფ-ში.
ამასთან, როგორც ფედერაციაში აცხადებენ, 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ფიფა-სგან და უეფა-სგან დამოუკიდებლად გაიმართა „ConIFA” ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა.
”ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა კომუნიკაცია ფიფასთან. ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც არც ფიფას და არც უეფას ეგიდით არ იმართება. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ემიჯნება ფიფას და უეფას სამართლებრივი სივრცის საწინააღმდეგო ქმედებებს და, ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პროცესების არსებობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა”, – აცხადებენ სფფ-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები