დავით ზალკალიანი ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებზე: საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დადგება

მოახლოებულ ჟენევის რაუნდზე ქარელის რაიონში, სოფელ ავლევის განაპირას რუსი ოკუპანტების მიერ ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების ფაქტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა პროვოკაციული უწოდა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ქმედება სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი ჟენევის მომდევნო რაუნდზე განსაკუთრებული სიმწვავით დადგება.
„ეს არის აშკარად პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ. ჩვენ ავამოქმედეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმი, გარდა ამისა, საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დადგება მოახლოებულ ჟენევის რაუნდზე, რომელიც 14 ივნისს არის დაგეგმილი. ასევე ერგნეთის ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრა, რომელიც ასევე ივნისში გაიმართება“,-განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქარელის რაიონში, სოფელ ავლევის განაპირას ოკუპანტებმა იმ ტერიტორიაზე, სადაც ავლევის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობენ, ბანერები დაამონტაჟეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები