დავით დონდუა საოკუპაციო ძალების მიერ ბანერების აღმართვის ფაქტს რუსეთის მხრიდან პროვოკაციად აფასებს
საოკუპაციო ძალების აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, რუსეთის უკანონო პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.
„საოკუპაციო ძალების აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრებისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, რუსეთის უკანონო პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ქართული მხარე აღნიშნულ საკითხს დააყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდზე, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 ივნისს გაიმართება“, – განაცხადა დავით დონდუამ.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.