გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გამართა

მწვანე ეკონომიკის განვითარება პანევროპულ რეგიონში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განათლება მდგრადი განვითარებისთვის, – ეს იყო მაღალი დონის სამმხრივი შეხვედრის ძირითადი თემები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე მსჯელობას და აღინიშნა, რომ ჯანსაღი გარემო ადამიანის კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მუშავდება სათანადო პოლიტიკა და ინერგება ეფექტიანი მექანიზმები, ასევე შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები.
მხარეებმა საუბრისას ასევე განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანესია განათლება მდგრადი განვითარებისათვის.
შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, საჭიროა მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ისეთი ქცევის წესების დანერგვას, რომელიც შესაბამისობაში იქნება გარემოს დაცვასთან.
შეხვედრაზე საუბარი ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასაც შეეხო.
სამმხრივ შეხვედრაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, UNECE-ის აღმასრულებელი მდივანი კრისტიან ფრის ბახი, UNECE-ის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორი მარკო კეინერი, UNECE-ის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორის მოადგილე სერჯიუს ლუდვიჩაკი, გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი ჯან როდრიგესი; გარემოსდაცვით საკითხებზე ევროკომისიის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო პოლიტიკის, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ჰენლი, გარემოსდაცვით საკითხებზე ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ინტეგრაციის პოლიტიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების განყოფილების უფროსი ჯორჯ-სტავროს კრემლისი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები