10 ივნისიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება – დავით სერგეენკო სიახლეებზე საუბრობს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები უქმდება. დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, 10 ივნისიდან ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა, ან სიმძიმისა, შეეძლება, რომ ჩაერთოს პროექტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ თუკი აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე საშუალოდ სჭირდებოდა 2 თვე, ეს პერიოდი შემცირდება და პროცედურას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.
“მინდა სასიამოვნო ინფორმაცია გავაცნო იმ პაციენტებს, რომლებიც ელოდებიან ჰეპატიტის მკურნალობის პროექტში ჩართვას, პირველი ის, რომ ჩვენ 10 ივნისიდან ვაუქმებთ პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმს. მოგეხსენებათ ეს კრიტერიუმი იყო მხოლოდ ყველაზე მძიმე კლინიკური მდგომარეობა. 10 ივნისიდან ეს კრიტერიუმი აღარ იარსებებს და ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა ან სიმძიმისა, შეეძლება, რომ ჩაერთოს ამ პროექტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ამ მხრივ მეორე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ თუკი აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე საშუალოდ სჭირდებოდა 2 თვე, ჩვენ ამ პროცესს ვამცირებთ დ ეს გახდება სადღაც 2 კვირის ფარგლებში. კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე ამ მხრივ არის ის, რომ თუკი არსებული კონტრაქტი ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე მდგომარეობის 5000 მქონე პაციენტის მკურნალობას და შემდგომში 20 ათასი პაციენტის წელიწადში, ეს პროცესი უკვე შეიცვალა ხუთიათას მეერთე პაციენტმა ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში მიიღო მკურნალობა, დღეის მდგომარეობით, 9 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული, შესაბამისად, მეორე ფაზა უკვე ნოემბერში დაიწყო, თუმცა ეს მთავარი ცვლილებები, რის შესახებაც მოგახსენეთ, პაციენტებს მისცემს საშუალებას, მიუხედავად მათი კლინიკური მდგომარეობისა, ჩაერთონ ამ პროცესში“,- განაცხადა სერგეენკომ.
მან იმ გარემოებებზეც ისაუბრა, რომელთა დახმარებითაც აღნიშნული ცვლილებების მიღება გახდა შესაძლებელი.
“გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს: საკუთრივ, პროექტის მართვის წარმატებამ განაპირობა ის, რომ 5 ათასი პაციენტის მერე წყვეტა არ მომხდარა, მეორე ის, რომ ჩვენ შარშან დავასრულეთ კვლევა, რომელმაც ნათელი სურათი მოგვცა ავადობის სტრუქტურის შესახებ, დავამატეთ რამდენიმე სერვისცენტრი, ერთი სწორედ 10 ივნისიდან შევა ფუნქციონირებაში. ეს არის ფალიაშვილის #110 -ში და იმ პაციენტებს,რომლებიც აქამდე არ იყვნენ რეგისტრირებულები, შეეძლებათ, 10 ივნისიდან მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებშიც და ჩაერთონ მკურნალობის პროცესში, ასევე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ წინასწარი მოლაპარაკებით ჩვენ წელიწადში გვქონდა 20 ათასი პაციენტის მკურნალობის საკმარისი მედიკამენტის მოწოდებაზე მოლაპარაკება ეს რაოდენობა წელიწადში 30 ათასამდე გაიზარდა და, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ზედა ზღვარი, ასე, რომ მართლაც ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შეგვეძლება ამ სიახლის შეთავაზება პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, სადაც C ჰეპატიტით ავადობა მაღალია საქართველოში. 150 ათას ადამიანს სჭირდება მკურნალობა და ჩვენ ყელაფერს გავაკეთებთ, რომ პაციენტებმა რაც შეიძლება სწრაფად, მოკლე ვადებში მიიღონ ხარისხიანი მკურნალობა“,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა და განაცხადა,რომ სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც საშაულოზე სამჯერ მაღალი c ჰეპატიტით ავადობა, მალე მაღალი სტანდარტების ცენტრი აშენდება.
“სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც, სამწუხაროდ, საშუალო ციფრზე სამჯერ მაღალია ჰეპატიტით დაავადება, ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ ახალი მძლავრი სერვისცენტრის მშენებლობას და, ვფიქრობ, სულ მალე ამ რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ გაზრდილი რესურსებით სწრაფად მიიღოს ეფექტური მკურნალობა. ასევე გაიზარდა ექიმების მდგომარეობა, რომლებსაც შეეძლებათ ამ მკურნალობის სრულყოფილი ჩატარება, გადაემზადდნენ ოჯახის ექიმები და უკვე იმის საჭიროება აღარ არის, რომ მხოლოდ ინფექციური დაავადების სპეციალისტებმა განახოციელონ მკურნალობა“,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები