“დაჯარიმებულია ასობით ოჯახი და შეიძლება მეტიც, ხვალ კი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება თითქმის ყველა”  

გვეტაძის ქუჩა #8-ში მცხოვრები ირინე ბაგაური მთავრობას და შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართავს.

“ოჯახთან ერთად ვცხოვრობ ე.წ. ხრუშოვკის ტიპის ერთოთახიან ბინაში. 2014 წელს მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი კუთვნილი სხვენის სახურავზე განვახორციელეთ მშენებლობა, რომელიც განეკუთვნებოდა პირველი კლასის ობიექტს. შესაბამისად ჩატარებული სამუშაოები არ საჭიროებდა მშენებლობლობის ნებართვას და საპროექტო დოკუმენტაციას. უნდა გვეხელმძღვანელა ფოტომონტაჟით, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია განისაზღვროს მშენებლობის ყველა დეტალი.  შეგახსენებთ, რომ არც არის ამის აუცილებლობა, რადგანაც ობიექტს რომელიც მიეკუთვნება პირველ კლასს – არ სჭირდებოდა პროექტირება. ჩვენს მიერ დაცული იქნა ყველა ის აუცილებელი ნორმა, რომელიც საჭირო იყო ნაგებობის უსაფრთხოებისა და გარეგნული იერსახის შენარჩუნებისთვის.

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ხელფასით შეუძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მე და ჩემმა მეუღლემ მშენებლობა ვაწარმოეთ ბანკიდან აღებული სესხით, რომელსაც დღესაც ვიხდით. ამან სერიოზულად გაგვირთულა ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაგვაჯარიმა 8000 ლარით და შენობის აუცილებელი დემონტაჟით – სახურავის ქანობის დაუცველობის გამო. ჩვენთვის მოცემული ფოტომონტაჟით კი შეუძლებელი იყო ქანობის დაცვა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დაშენება წარმოადგენდა პირველი კლასის ობიექტს, იყო და არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არ საჭიროებდა დამატებით ნებართვას. შეუსაბამოა 8000 ლარით დაჯარიმება მაშინ, როდესაც მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისას დაშვებული არქიტექტურული უზუსტობის გამო აჯარიმებენ მხოლოდ 4000 ლარით და არავითარი დემონტაჟით. (მაგ: ალექსიძის ქუჩაზე 12 სართულიანი სახლის ნაცვლად აშენებული იქნა 22 სართული-10 სართულით მეტი და მშენებელი დაჯარიმდა მხოლოდ 4000 ლარით.)

ჯარიმის 8000 ლარი, დემონტაჟისთვის საჭირო თანხა, მშენებლობისთვის აღებული ბანკის სესხი – წარმოადგენს ძალიან დიდ ხარჯს. ყოველივე ამის დასაფარავად გამოდის, რომ უნდა გავყიდოთ ის ერთადერთი ერთოთახიანი ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ და დავრჩეთ უბინაოდ.

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ამ ფორმით დაშენებების ფართო მასშტაბი ცნობილია არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. ეს რომ არ იყოს საკანონმდებლო ხარვეზი, შეუძლებელია, ყველას ერთად დაგვერღვია კანონი.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის დაჯარიმებულია ასობით ოჯახი და შეიძლება უფრო მეტიც. ხვალ კი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება თითქმის ყველა. ვინ იყენებს სხვენს საცხოვრებელ ფართად გაჭირვებული მოსახლეობის გარდა? ამიტომ მივმართავ მთავრობას და ყველა შესაბამის ორგანოს დახმარებისთვის. ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც როდის დამთავრდება უცნობია. დაჯარიმებულ მოსახლეობისთვის კი დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ჯარიმას ერიცხება გასამაგებელი საურავები რამდენჯერმე დროის მოკლე მონაკვეთში. ამიტომ ვშიშობ, რომ მერე უკვე ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობას  გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს”, – აღნიშნულია ირინე ბაგაურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები