ევროკავშირში ლატვიის ელჩი: საქართველო სიაში ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა

ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ საქართველო სიაში ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ევროკავშირში ლატვიის ელჩმა სანიტა პავლუტა-დესლანდესმა ”მოამბისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირში ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე ძალიან რთული დისკუსია მიმდინარებს, თუმცა არა საქართველოს გამო.
”ძალიან რთული დებატებია, დისკუსია ევროკავშირში ქვეყნის უვიზო რეჯიმის მინიჭებაზე და მინდა იცოდეთ, რომ არა საქართველოს გამო, რადგან არის ზოგადი შეთანხმება ორგანიზაციაში, რაზეც საწინააღმდეგო აზრი არავის აქვს, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. ამას ემატება კომისიის მიერ მომზადებული პოზიტიური ანგარიში, რომელიც პირველი ნაბიჯი იყო. საქმე ისაა, რომ მსჯელობის თემა, ანუ უვიზო რეჟიმი არის ძალიან მგრძნობიარე თემა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. მიზეზი საზოგადოებრივი აზრია. მოსახლეობა შეშფოთებულია იმ კითხვებით, რაც უკავშირდება მიგრაციის პრობლემებს, მესამე ქვეყნების მოქალაქეების ნაკადს ევროკავშირის საზღვრებში. ასე, რომ ორგანიზაციის რიგ წევრებს აქვთ სირთულეები საკუთარ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრთან, რამდენიმე წევრ სახელმწიფოში არჩევნებიც მოდის და საკითხი კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება. მე დარწმუნებული ვარ, საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს და დიდი იმედი მაქვს, ეს უფრო ადრე მოხდება ვიდრე გვიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა წევრი ქვეყანა უნდა იყოს თანახმა. ამას სჭირდება დრო”, – განაცხადა ევროკავშირში ლატვიის ელჩმა.
დიპლომატს უჭირს ღიად საუბარი იმ წევრებზე, რომლებიც წინააღმდეგი არიან, რომ საქართველოსთვის სასურველი შედეგი დღეს დადგეს და ევროკავშირის მიერ მიცემული პირობა დაუყოვნებლივ შესრულდეს.
”ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოს მეგობრები. ჩვენ მუდმივად დანარჩენ წევრებს, პარტნიორებს ორგანიზაციაში, კოლეგებს ვუხსნი, რომ საქართველომ საშინაო დავალება შეასრულა და ამიტომ ქვეყნისთვის სამართლიან პრინციპებზე დაყრდნობით უნდა დავასრულოთ პროცესი და მივანიჭოთ უვიზო რეჟიმი. როდის იქნება ეს არ ვიცი. ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა ადგენს დღის წესრიგს. როდესაც მსჯელობა მიდის, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების კონტექსტსაც ვითვალისწინებთ, რომლებიც ელოდებიან უვიზო რეჟიმს, მაგრამ, ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ საქართველო სიაში ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა”, – განაცხადა სანიტა პავლუტა-დესლანდესმა.
ლატვიელი დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. მისივე თქმით, ყველა დონეზე გამართულ დისკუსიაში პრიორიტეტი საქართველოს ენიჭება.
„ვიზალიბერალიზაცია არის დამსახურებაზე და შესრულებულ სამუშაოზე დამყარებული პროცესი. თუ შეასრულებს ქვეყანა, ევროკავშირის პასუხიც დადებითი უნდა იყოს. გამართულ სხდომაზეც და მომავალ კვირაში შეხვედრის დროს მხოლოდ ვიზა-პოლიტიკასთან გამართულ ტექნიკურ საკითხებს განვიხილავთ და არა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. ლატვიამ ყველაზე კარგად იცის, რომ მოწინავეა საქართველო. ძალიან აქტიურია ბევრი მიმართულებით, მიებში მონაწილეობით, პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეფორმებით. ყველას სჭირდება რეფორმების გაგრძელება, ეს საქართველო იქნება თუ ჩვენ. ჩვენი პარტნიორების ნაწილი ფიქრობს, რომ მათ გარკვეული დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარ დედაქალაქებში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ და ეს დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობაში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებთან, ამიტომ დაველოდოთ“, – განაცხადა პავლუტა-დესლანდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები