მანანა კობახიძე: ჩვენ, წლების განმავლობაში დახურული სასამართლო დარბაზები, მედიისთვის გავხსენით

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში სასამართლო სისტემის ხარვეზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმ მემკვიდრეობიდან გამომდინარე, რაც ამ ხელისუფლებას დახვდა, დღეს სასამართლო სისტემა იდეალური ვერ იქნება.
“როდესაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები “დახურულ კარზე” საუბრობენ, სწორედ რეფორმების პირველი ფაზა გახლდათ ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამჭვირვალე გახდა. უფრო მეტიც, მოსამართლის შესარჩევ კონკურსებზე არასამთავრობო სექტორი ჩართული იყო. ცვლილებების მეორე ეტაპიდან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასამართლო დარბაზების ღიაობა. ჩვენ შევძელით ის, რომ წლების განმავლობაში დახურული სასამართლო დარბაზები მედიისთვის გავხსენით. ტელევიზიებს სასამართლოს ეზოშიც კი ეკრძალებოდათ ყოფნა. შეუძლებელი იყო მობილური ტელეფონით დარბაზში შესვლა. ის, რომ დღეს ჩვენ სასამართლო დარბაზების კარები გავხსენით, ეს ზრდის სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რაც ჩვენი ხელისუფლების მიღწევაა”,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტი აბსოლუტურად გაემიჯნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იმ მხრივ, რომ პარლამენტის წევრები უშუალოდ აღარ მონაწილეობენ საბჭოს შემადგენლობაში.
“ჩვენ ეს ბერკეტი თავად ჩამოვიცილეთ. იგივე ნიკა გვარამია, თუ სწორად მახსოვს, ჩართული იყო მოსამართლეების დანიშვნის თუ გათავისუფლების საკითხებში. რაც შეეხება რეფორმების მესამე ტალღას, პარლამენტს დიდი სურვილი აქვს მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი და დასრულდეს ეს ეტაპი, მაგრამ შექმნილი რეალობა ისეთია, რომ თუნდაც დღეს უკვე კოალიციიდან გასულმა წევრებმა გარკვეულ ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს. აღარ ვსაუბრობთ “ნაციონალურ მოძრაობაზე”. იმის გამო, რომ ჩვენ ამ კანონის ჩავარდნა არ გვსურს და მისი 76 ხმით მიღება გვინდა, გარისკვა არ შეიძლება.  გარკვეული მუშაობა რომ საჭიროა, ამაში გასაკვირი არაფერია”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები