სებასტიან კურცი: ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ეუთო გადამწყვეტ როლს ასრულებს

„საქართველოს თემა არასოდეს მოხსნილა ეუთოს დღის წესრიგიდან. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ეუთო გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსთვის. ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე, საქართველოს ვეწვევი, რათა სხვა საკითხებთან ერთად, ვიმსჯელოთ იმაზეც, თუ დამატებით რა წვლილის შეტანა შეუძლია ეუთოს კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში” – აღნიშნულის შესახებ ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სებასტიან კურცის თქმით, გაყინული კონფლიქტები ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ მუდმივ ტვირთად აწვება ქვეყანას და მთელ სამეზობლოს.
პრესკონფერენციის დროს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და, ამ კუთხით, 3 ივნისს გამართული ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სებასტიან კურცმა აღნიშნა, „საქართველოსა და ავსტრიას შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს, რომელიც სარგებელს ორივე ქვეყანას მოუტანს”.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ავსტრიაში ვიზიტისთვის და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოში თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა იგეგმება. „მჯერა, რომ ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაღრმავების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა სებასტიან კურცმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები