ICAO-ს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ბიურო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს „წითელი ალმის“ სტატუსის მოხსნას ულოცავს
ICAO-ს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ბიურო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს „წითელი ალმის“ სტატუსის მოხსნას ულოცავს.
როგორც „კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ბიურო (EUR/NAT) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის (ICVM) წარმატებით გავლას ეხმიანება და უწყებას საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესთან მიმართებაში 2013 წლის აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზის (SSC OPS/01-10/2013) აღმოფხვრას ულოცავს.
„ეს მნიშვნელოვანი მიღწევა არის თქვენი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მთელი გუნდის დაუღალავი მუშაობის, ICAO-ს შტაბ-ბინასთან, რეგიონალურ ოფისთან და საერთაშორისო საავიაციო უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. მსურს, დადებითად შევაფასო საქართველოს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობა და მოგილოცოთ აღნიშნული წარმატება. ახლა, როდესაც შედეგები სახეზეა, შეგვიძლია ერთობლივად მივმართოთ ძალისხმევა საქართველოში ფრენის უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების შემდგომ ამაღლებაზე. გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ და სხვა მიზნების მისაღწევად”, – ნათქვამია ICAO ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ბიუროს რეგიონული დირექტორის, ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდას წერილში.
უწყების ინფორმაციით, ICAO-ს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ბიურო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესრულების მონიტორინგს რეგიონის 56 სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოშიც ახორციელებს. ნაკლოვანებების აღმოფხვრა, საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ნორმების დაცვის კუთხით ნაჩვენები გაუმჯობესება დადებითად აისახება არა მარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის მთლიან მაჩვენებლებზე.
2013 წელს ჩატარებული ICAO-ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებების ადგილზე შეფასების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტს (ICVM) მიმდინარე წლის 7-15 აპრილს უმასპინძლა. 19 აპრილს მონრეალში შეკრებილმა SSC ვალიდაციის კომიტეტმა განიხილა აუდიტორთა ჯგუფის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოპოვებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ საქართველოს მიერ ხარვეზი წარმატებით იქნა გადაჭრილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას „წითელი ალმის“ სტატუსი მოეხსნა.